”ქართულ ოცნებას” მხოლოდ ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს – ბიძინა ივანიშვილი

27

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტს, კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილსესაუბრა.

– ბატონო ლევან, 2018 წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ იგი მრავალმხრივ საკმაოდ მძიმეა – ვგულისხმობ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ჩვენს სიახლოვეს, ერთი მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხოლო მეორე მხრივ ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბებულ რეალობას.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს – მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში წინა წლებში ჩამოყალიბებული კონფრონტაციული ტენდენციები 2018 წელს შენარჩუნდება, შესაძლოა, წლევანდელი წელი ბევრი საკითხის გადაწყვეტაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
თქვენი ვარაუდით, რა საკითხებში შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი 2018 წელი? 

– 2018 წელი რამდენიმე მთავარი და სახეცვლილი ტენდენციით იქნება გამორჩეული. პირველი, რაც აშკარად სახეზეა, ეს არის ამერიკის მხრიდან „ალიანსობითი“ პოლიტიკისგან დისტანცირება მოქმედებაში.

ტრამპის პოლიტიკა გაცილებით ინდივიდუალურია და ნაკლებადაა ალიანსებზე ორიენტირებული, ვიდრე მისი რომელიმე წინამორბედის იყო ბოლო ათწლეულებში. წელს ეს პოლიტიკა გამოხატულ კორექტივებს შეიტანს პირველ რიგში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, რაც ჩვენს მიმართაც აისახება და რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ალიანსობითია – ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვგულისხმობ.
მეორე აშკარად გამოხატული ტენდენცია უკვე საგარეო პოლიტიკის მზარდ მილიტარიზაციას შეეხება. საუბარია მეტი აქცენტის გაკეთებაზე სამხედრო ძალაზე, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტზე, ვიდრე დიპლომატიაზე და აქაც ამერიკის მიდგომას ვგულისხმობ. გლობალური ლიდერის პოზიციების შენარჩუნების თეთრი სახლის ეს ტაქტიკა რა როლს შეასრულებს, ჯერ რთული სათქმელია.
თუმცა, პირველი და მეორე საკითხების ერთობლიობაში გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ ნატოში საქართველოს წევრობამდე ამერიკის სამხედრო ყოფნა საქართველოში ხელშესახები გახდეს, იქნება ეს სამხედრო ბაზის სახით თუ სხვა ფორმით, რაც ჩვენი უსაფრთხოების პრევენციულ გარანტიებს არსებითად გაზრდის.
მესამე და მნიშვნელოვანი არის მულტილატერალიზმის, მრავალმხრივი დიპლომატიის ეროზია, რომელიც ასევე სახეზეა. საერთაშორისო შეთანხმებებიდან ამერიკის დეაქცენტირება და გასვლა სწორედ ამაზე მიუთითებს. კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა ამის ნათელი მაგალითია. ასევე იერუსალიმის საკითხის ტრადიციულ მოკავშირეებთან შეთანხმების გარეშე წამოწევა და სხვა. სავაჭრო საკითხებთან მიმართებაშიც ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებები ეროვნული პროტექციონიზმის გაზრდის თვალსაზრისით, ამაზე მეტყველებს.

შემდეგ, უკვე ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა, ირანის რეგიონალური ჰეგემონიისკენ სწრაფვა და სირიის საკითხი კვლავ დარჩება მომეტებული საფრთხის წყაროდ და სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტ დისონანს შეიტანს ტრანსატლანტიკურ (ევრო-ამერიკულ) მიდგომებში.
მეოთხე საკითხად, არ შეიძლება არ აღინიშნოს, სახეზეა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალური დემოკრატიის ხარისხის დაცემის ტენდენცია. დემოკრატიზაციის კლებადობა კონფლიქტების მატების პირდაპირპროპორციულია და გავლენას ახდენს ცალკეული აქტორების საგარეო პოლიტიკაზე.
მაგალითისთვის, უპრეცედენტოა, რომ ერთი თვის (ამ იანვარში) განმავლობაში ევროკომისიამ ორჯერ მიმართა ერთი წევრი ქვეყნის – პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლოს, ერთ შემთხვევაში სამართლის უზენაესობის დარღვევის, ხოლო მეორე შემთხვევაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
ე.წ. არალიბერალური დემოკრატიის ქვეყნების ფორმირების პროცესი სახეზეა, მთელს ევროპაში სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია სრულ სტაგნაციას განიცდის და მასზე მოთხოვნა ყველა ტიპის არჩევნებზე კლებულობს, იზრდება მემარჯვენე მიმართულების პარტიათა გავლენა. ეს ყველაფერი არ არის პროგნოზები, ეს მიმდინარე რეალობაა და შესაბამისად, ეს წელი იქნება გარდამტეხი საერთაშორისო ურთიერთობებში ტრადიციული ტენდენციებისა და პრაქტიკის სახეცვლილების თვალსაზრისით.

– ვხედავთ, რომ აშშ-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ არა მხოლოდ თანმიმდევრულია, არამედ საკმაოდ ხისტიც. რუსი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, მოსკოვში იმ ქუჩას, რომელზეც აშშ-ს საელჩოა განთავსებული, ”ჩრდილოეთატლანტიკური ჩიხიც” კი უწოდონ იმის საპასუხოდ, რომ ვაშინგტონის მერიამ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო დგას, გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი გადაარქვა. ევროკავშირიც ცდილობს რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ევროპის ანტირუსული პოლიტიკა არც ისე ეფექტური და მტკივნეულია, როგორც თეთრი სახლის. აშშ და ევროპა რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკას კი ატარებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ რუსეთის საგარეო პოლიტიკას ”შეკავებულობის” არაფერი ეტყობა.
სავარაუდოდ, როდემდე გაგრძელდება აშშ-რუსეთის ურთიერთობაში ”ჩრდილოეთატლანტიკური ჩიხი”, და ევროპა-რუსეთის ურთიერთობაში თუ შეიძლება ასე ითქვას ”ევროპული ჩიხი”?

– ასეთი ხისტი მიდგომა ამერიკის მხრიდან, ჩემთვის პირადად, როგორც ქართველისათვის, სავსებით მისაღებია. ამ მიდგომის შედეგია სწორედ შეკავების პოლიტიკის ფარგლებში მედეგობის სამხედრო ინფრასტრუქტურული კომპონენტით გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის რუსულ პერიმეტრზე და სკანდინავიაში.
ამერიკის მხრიდან ნორვეგიისათვის სტრატეგიული ავიაციის მიყიდვა და ჯაველინების საქართველოსთვის გადმოცემა სწორედ ამ შეკავების საერთო პოლიტიკის ნაწილია და თავდაცვით, პრევენციულ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება ევროპის ანტირუსულ პოლიტიკას, სწორად ახსენებთ, რომ ის მოიკოჭლებს როგორც მიმდინარეობის, ისე სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში და ამ მხრივ რუსეთი, სამწუხაროდ, მომგებიან პოზიციაშია. ამის მიზეზი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჯერ კიდევ სუსტ თანმიმდევრულობასა და ერთიანობაში უნდა ვეძებოთ, რაც სისტემური, ინსტიტუციური საკითხია და არა პოლიტიკური.
ბრექსიტის შემდეგ სავარაუდოა, რომ მულტილატერალიზმი ევროკავშირის დონეზე კიდევ უფრო შემცირდება და სრული ჰეგემონია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ფრანკო-გერმანულ ეროვნულ საგარეო პოლიტიკას დაემყარება.
მაკრონ-მერკელის ორსიჩქარიანი ევროკავშირის რეფორმირების მოდელი წევრობის რამდენიმე საფეხურიან სისტემას გულისხმობს. ის ემყარება მეტი და ნაკლები ინტეგრაციის მოსურნეთა დაყოფას ინტეგრაციის ხარისხის პროპორციულად. მაგალითად, შენგენი და ევროზონა არჩევითია წევრებისთვის. ეს შეიძლება კარგიც კი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მეტი ინტენსიფიკაციის მიმართებით რათა ჩვენი წევრობა უფრო რეალური გახდეს.
– რუს ექსპერტთა უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, ვინც კრემლთან დაახლოებულებად მიიჩნევიან, თვლის, რომ პუტინის შემდეგი საპრეზიდენტო მანდატი სიხისტით, ”ბნელეთის მოციქულობითა” და იზოლაციონისტურობით გამორჩეული იქნება. ცხადია, ასეთ პირობებში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები აშკარად გაზრდილი იქნება. ქართულ ჯარმა ამერიკული ”ჯაველინები” კი მიიღო, მაგრამ ქვეყანას რომ უამრავი საფრთხე აქვს, ფაქტია.
თქვენი აზრით, უსაფრთხოების თვალსაზრით რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს საქართველოსთვის პუტინის შემდეგი საპრეზიდენტო მანდატი?

– საფრთხისა და მომეტებული რისკის წყარო იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ საკუთარი პოზიციების ფიქსაციის მიზნით რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში უფრო მეტ პროვოკაციებს ველოდოთ წინასაარჩევნო პერიოდში.
უაღრესად შესუსტებული ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის ქმედითი მექანიზმების არარსებობის ფონზე, შიდა იდეოლოგიური ტურბულენტურობის პროვოცირება ერთ-ერთ რისკის შემცველ ვარიანტად უნდა განვიხილოთ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივი სიმპათიების მცირე კლების ტენდენციაც სახეზეა.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დეკემბერში მიღებული ახალი კანონმდებლობით, საფრთხეების შეფასებისა და იდენტიფიცირების მოდიფიკაციის მექანიზმები შესუსტდა.
ვგულისხმობ, ერთიანი სამთავრობო დონის მაკოორდინირებელი რგოლის ამოვარდნას სისტემიდან ორგანოს სახით. ამ ეტაპზე ჩვენი კანონმდებლობა ასეთი დოკუმენტების შემუშავების თვალსაზრისით ad hoc (ლათინური გამოთქმა – “სპეციალურად ამისთვის”) დროებით და სპეციალურ საკომისიო ფორმატზეა დამყარებული, ხოლო კოორდინაციის მუდმივმოქმედი მექანიზმი კრიზისებისა და უშიშროების საბჭოს გაუქმებით აღარ არსებობს, რაც დამატებით ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და არასაჭირო ტვირთს აკისრებს პრემიერის ინსტიტუტს, ზედმეტად ართულებს სუს-ის საქმიანობას და ჰორიზონტალური ინსტიტუციური დეკოორდინაციის საშიშროებას ქმნის.
– დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე საშინაო პოლიტიკა. ცხადია, რომ ობიექტური სირთულეები საგარეო პოლიტიკასაც ახლავს, მაგრამ მისი წარმატებულობა თვალსაჩინოა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს, რომ ქვეყანაში რუსულ ”რბილ ძალას” დაუპირისპირდეს, რითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების ზრდას და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა ზრდას.
მედიაში აქტიურად განიხილება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia რუსეთთან დაკავშირებით პრემიერ გ. კვირიკაშვილის განცხადება. არადა, პრემიერმა თქვა – საქართველოს არ აქვს ნატო-ს მფარველობა, მაგრამ აქვს პარტნიორობა დასავლეთთან…

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული კრიტიკა? 
– დავოსში პრემიერის განცხადების არასწორი, მიზანმიმართული ინტერპრეტაცია მოხდა. მან აბსოლუტურად სწორად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იმყოფება ნატო-ს მე-5 მუხლის დაფარვის ქვეშ, ევროატლანტიკური მისწრაფება და პარტნიორობა ნატოსა და ევროკავშირთან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია. და ეს ასეა.

დასავლეთთან არსებული პარტნიორობის გარეშე, საქართველო იქნებოდა აბსოლუტურად დაუცველი, არა მხოლოდ რუსული საფრთხისაგან, არამედ ახლო აღმოსავლეთის ტენდენციებისგანაც.
საგარეო პოლიტიკური წარმატების თვალსაზრისითაც უდავოა, რომ შარშან სავიზო ლიბერალიზაცია, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და ევროკავშირთან ახალი სამოქმედო სტრატეგიული გეგმის დასახვა წარმატებული იყო. წელს ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ტენდენცია უკვე განხორციელების თვალსაზრისით განვავითაროთ. ეს შეეხება, ვიზალიბერალიზაციის როგორც მონაპოვრის შენარჩუნებას, და ამაში არ იგულისხმება, მხოლოდ სარგებლობა მისით, არამედ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიღწევით, რათა ნეგატიური ტენდენციების პრევენცია მოვახდინოთ, ასევე მეტი ინტეგრაციის განვითარებით.
ეს ეხება მაგალითად, ცირკულარული დასაქმებისა და მიგრაციის სფეროს, თემატურ და ფუნქციონალურ ინტეგრაციას სხვადასხვა პროგრამებში, შენგენის ზონაში წევრობის პოტენციურ პერსპექტივად ქცევას და საერთო ბაზარზე სრული, არაკვოტირებადი წესებით ინტეგრაციას სამომავლოდ.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას. გულახდილად გეტყვით, არაფერი ისე არ ზრდის პრორუსულ განწყობებს ქვეყანაში, როგორც დისკრედიტირებული, არასანდო პოლიტიკური ძალებისგან გადაჭარბებული, ზედმეტად ფსევდოდასავლური პროპაგანდა ვიწროპარტიული პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.
საგარეო პოლიტიკა საშინაო კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტია, ის ვერ იარსებებს და ვერ იქნება ეფექტიანი სწორი და მოსახლეობაზე ორიენტირებული საშინაო პოლიტიკისა და პატიოსანი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე.

ამის მთავარი განმსაზღვრელი კი საზოგადოებრივი ნდობაა პოლიტიკოსთა მიმართ, რომელიც ძალიან დაბალია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ამ დღეებში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკოსთა მიმართ ნდობა 2.88 ერთეულია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა სხვა პარამეტრთან მიმართებით. ამ მონაცემში ჩამოვრჩებით ისეთ ქვეყნებსაც კი როგორიცაა ლესოტო, კამერუნი, გამბია, ზამბია, მაროკო, სენეგალი და მავრიტანია.
– ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა. ამ საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა უაღრესად წარმატებულად შეაფასა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მისივე თქმით – ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს… რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით?
– ცოტა ხნის წინ ვენის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ასოცირების შეთანხმების სავარაუდო გავლენებს შეეხება. საქართველოს ნაწილში მასში ვკითხულობთ: “შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება გამოიწვევს ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო მოდერნიზაციას… ეს აუცილებლად მოახდენს ადგილობრივი მუშახელის გარდაუვალ გადინებას. კერძოდ, ეს განსაკუთრებით დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს შეეხება, რომელიც ძირითადად აგრარულ და საცალო სავაჭრო სფეროშია დასაქმებული…ამავე დროს, მიუხედავად ევროკავშირთან მობილობის არასრული ინტეგრირებულობისა, სავიზო ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიციკაციის ახალგაზრდა მუშახელის გადინების დაჩქარებასაც. საქართველოში ეს შეეხება თვითდასაქმებულთა დიდ რაოდენობას, საერთო დასაქმებულთა 60%-ს – 1 მილიონამდე ადამიანს. საბოლოო ჯამში ეს შეუქცევადად ნეგატიურად დააზარალებს არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის განვითარებას, არამედ ბიზნეს გარემოსა და სოციალური უსაფრთხოების სისტემებს ქვეყანაში…”.

ეს არის საკმაოდ საგანგაშო მონაცემები და საჭიროებს გადაუდებელ პრევენციას. ასოცირების შეთანხმება ჩვენ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს დიდ სარგებელს, თუმცა სწორედ მოკლევადიან, გარდამავლ პერიოდში საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლებად მტკივნეულად ამ პერიოდის გადალახვას.
ამის განხორციელება ევროკავშირის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ევროკავშირშიც კარგად ესმით, განსაკუთრებით ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებში, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ევროპარლამენტის დელეგაციებსა და ევროკომისიაში.
– ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ საშინაო პოლიტიკაში უამრავი პრობლემა გვაქვს, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკული და ადეკვატურია. მაგრამ, დამკირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკმაოდ მაღალია იმათი რიცხვი, ვინც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართაა გულგრილი.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას, თუნდაც იმას, რომ აქტიურობითა და ემოციურობით გამორჩეული ჩვენი საზოგადოება პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ გულგრილობასა და უნდობლობას ამჟღავნებს? 

– უკვე დიდი ხანია, მხატვრულად რომ ვთქვათ, აპათიური „მაინც არაფერი შეიცვლება“ მიდგომის აჩრდილი დაგვტრიალებს. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლებს და ეს არის არასწორი მიდგომა.
ჩვენს ქვეყანას რეალურად აქვს პოტენციალი სწრაფად განვითარდეს. ამ გულგრილობის მიზეზი სოციალური მობეზრებადობაც შეიძლება იყოს. კერძოდ, წლების განმავლობაში ერთი, პოლიტიკურად წარუმატებელი სახეების ყურება, რაც ბუნებრივ უიმედობას და უნდობლობას იწვევს. საკადრო პოლიტიკა, რომელიც არ იქნება ვიწროპარტიულ ნდობა-უნდობლობაზე, გუნდურობასა და მოკლევადიან პირად გეგმებზე აწყობილი, არამედ პროფესიონალიზმზე დამყარებული, არის ამ მიდგომის სამკურნალო რეცეპტი.

მაგალითად, ბოლო დროს მედიაში შეინიშნება ახალი საექსპერტო სახეების ძიების ტენდენცია, რაც უდავოდ კარგია, თუმცა იგივე მიდგომა უნდა იყოს პოლიტიკოსთა მიმართაც, რათა საზოგადოებას მეტი არჩევანი ჰქონდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა პოლიტიკური და ბიზნეს ბაზარი. ის ძალიან ადვილად ჯერდება ბაზარზე ახალი პოტენციური მოთამაშის შემოსვლით, თუმცა მოტივაცია, რომ ასეთი მოთამაშეები გაჩნდნენ ნაკლებად არსებობს სწორედ ამ არსებული გაჯერებულობის გამო.
– ახლა შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ წილად ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი გროვდება და დღის წესრიგში შეიძლება ასეც დადგენს საკითხი – ვინ გამოიყენებს საზოგადობაში დაგროვილ უკმაყოფილებას?
– საზოგადოებრივი უკმაყოფილება ყოველთვის აისახება არჩევნების შედეგებზე და პირდაპირპროპორციულია საარჩევნო ინდიფერენტიზმისა და აპათიისა პოლიტიკური პროცესის მიმართ. თუ მოსახლეობას არ აქვს პოლიტიკური ველის მიმართ ნდობა, მას ვერ ექნება ქვეყნის განვითარების პერსპექტიულობის შეგრძნება და მოლოდინი.
სიტყვა „გამოყენებაში“ არ დაგეთანხმებით, ის უკვე გულისხმობს ერთგვარ ტყუილს მოსახლეობის მიმართ, რადგან პოლიტიკური ველი და საზოგადოებრივი აზრი ბუნებრივად მოითხოვს არა გამომყენებელ, არამედ მასზე, საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთა ნაკლებობა სახეზეა.

პარტიული პოლიტიკის ეპოქა სრულდება მსოფლიოში, ეს პოლიტიკა საქართველოშიც არასოდეს ყოფილა პოპულარული, ჩვენ ვართ არა პარტიებზე ორიენტირებული საზოგადოება, არამედ ლიდერებზე. მაგალითად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე თუ დავფიქრდებით საპრეზიდენტო კანდიდატებზე, აღმოჩნდება, რომ ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონისა და ნდობის მატარებელი პოტენციური კანდიდატიც კი რეალურად არ არსებობს, ან ჯერ სახეზე არ არის.
– უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს. თემაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი საჯარო სივრცეში აქტიურად განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატი სავარაუდოდ, უალტერნატივო იქნება, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ”ქართული ოცნების” უალტერნატივო კანდიდატი?
– კარგი იქნება ამ საკითხს თუ წმინდა კონსტიტუციური კუთხით შევხედავთ. ზოგადად პოლიტიკის კეთებას სწორედ ამ კუთხით უნდა ვუყურებდეთ, რადგან მხოლოდ ასეთი პოლიტიკური თამაშის წესებია ლეგიტიმური და ეთიკურიც კი.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ – ბიძინა ივანიშვილი. არსებული რეალობიდან მხოლოდ მას შეუძლია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების სწორად, ეფექტიანად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად გამოყენება. ის ფაქტი, რომ არ ვიცით, სურს თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს ან აპირებს თუ არა ამას, არ ცვლის ამ მოცემულობას.
ყველა სხვა კანდიდატს მარტივი გასეირნება არ ექნება გარანტირებული. და სიმარტივის ეს არ არსებობა 2020 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო გაღრმავდება ”ქართული ოცნებისთვის”.
გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 6 წლით, ივანიშვილის პრეზიდენტობა პრაქტიკული გარანტია იქნება ”ქართული ოცნებისათვის” უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც, იმის მიუხედავად, რომ ამ დროისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.
რაც შეეხება ზოგადად საპრეზიდენტო კანდიდატებს, პერსონებზე დაფიქრებას აჯობებს გამოვიდეთ იქიდან, თუ როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას – პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უნარი და პოლიტიკური წონა ვეტოს გამოყენებამდე გააკეთილშობილოს კანონპროექტი თუ კანონის მიღების შემდეგ მოახდინოს შედეგობრივად არაეფექტური აქცენტირება ვეტოს გამოყენებით?

პრეზიდენტი, რომელიც იქნება იმედის მომცემი როგორც სახელმწიფოს ზეპარტიული მეთაური, თუ რომელიც ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს გაჰყვება. მიდგომები, რომ კანდიდატი უნდა იყოს ასაკოვანი, მეცნიერი და ა.შ. არის ხელოვნური.
ერთადერთი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატს მოეთხოვება ამ მხრივ, ზეპარტიული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვაა და ამის გარანტია მხოლოდ კონკრეტული კანდიდატის პოლიტიკური წონა შეიძლება იყოს არსებული საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ფონზე.
– თქვენი მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურად კი გამოიყურება, ვინაიდან ასეთ ვითარებაში ”ქართულ ოცნებას” შესაძლოა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდეს სხვასთან შედარებით აშკარა უპირატესობა. მაგრამ, თუ ივანიშვილმა არ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა, ასეთ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს ივანიშვილისა და ”ქართული ოცნების” სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი? 
– ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება კანდიდატურის დაყენების ფორმას, გააკეთებს ამას პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი თუ კანდიდატის წარდგენა ”ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ მოხდება, როგორც ეს კახა კალაძის შემთხვევაში იყო.
თუ ეს მოხდება პირველი ვარიანტით, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, მანამდე გარკვეულ სახელისუფლებო ცვლილებებს უნდა ველოდეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ამის წინსწრებითი აუცილებლობა არ დგას.

გააკეთეთ კომენტარი