კარგია, რომ არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ მათი ხელმძღვანელებიც დაისჯებიან

17

მართლა არ ველოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ასეთ დროულ რეაგირებას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 20 წლის კოკა კობალაძის დედამ თათა დავითულიანმა განუცხადა, რომელიც მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
კობალაძის დედა დადებითად აფასებს პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას.

„სიხარულს მართლა ვერ ვმალავ. როგორც ჩანს, შს მინისტრი გიორგი გახარია პირადად დაინტერესდა ჩვენს ოჯახში მომხდართან დაკავშირებით. მართლა არ ველოდი სამინისტროსგან ასეთ დროულ რეაგირებას. ძალიან კარგია, რომ დაისჯებიან არა მხოლოდ ეს პოლიციელები, არამედ მათი ხელმძღვანელებიც. ეს მე პირადად მიჩენს იმის იმედს, რომ პოლიციელების ასეთი ქცევა აღარ განმეორდება და მინისტრის მკაცრი რეაქცია სხვებისთვისაც ყოველთვის მაგალითი იქნება. ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია კანონის ფარგლებში, სრულად დასჯის ამ პოლიციელებს აღნიშნული ქმედებისთვის. უდიდესი მადლობა მინდა გამოვუცხადო გენინსპექციას, რომელმაც ამდენი დღე დაუღალავად, ალბათ 24-საათიანი მუშაობის შედეგად დაგვიდო ასეთი შედეგი. ასევე, მადლობა ჟურნალისტებს, რომ ასე გულთან ახლოს მიიტანეთ“, – განაცხადა თათა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია თუ რა იყო პოლიციელების მსგავსი ქმედების მიზეზი.

„დაველოდოთ რას გვეტყვის პროკურატურა. რა დასკვნა დაიდება უკვე მათი გამოკითხვის შემდეგ. მე მათ მაგივრად ვერ გავცემ პასუხს. მართლა არ ვიცი რატომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ნამდვილად ვერ გეტყვით“, – განაცხადა დავითულიანმა.

დედის ინფორმაციით, კოკა კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კოკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობას სახლში განაგრძობს. გაკეთდება განმეორებითი კვლევაც. ქალას შიდა დახურული ტრავმა აქვს ტვინის შერყევის სახით, ტკივილები აწუხებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ კოკა კობალაძესთან სახლში ნამდვილად იყვნენ პოლიციელები. „მოგეხსენებათ, გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი. ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ და გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ დავადგინეთ და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ მივიღეთ დისციპლინური დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვნილი იქნებიან შს სამინისტროს რიგებიდან. მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების ადგილი შს სამინისტროს რიგებში არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გააკეთეთ კომენტარი