რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს სიცოცხლე – მკვლევართა აზრით, მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

11

ადამიანებს შორის ყველაზე დიდხანს სიცოცხლის ამჟამინდელი რეკორდი ფრანგ ჟანა კალმანს ეკუთვნის, რომელმაც 122 წელი და 164 დღე იცოცხლა. გარდაიცვალა 1997 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამაზე დიდხანს აღარავის უცოცხლია, ხანდაზმულ იტალიელთა კვლევის შემდეგ, მეცნიერთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანებს ჯერ არ მიგვიღწევია იმ მაქსიმალური ასაკისთვის, სადამდეც შესაძლებელია, რომ ვიცოცხლოთ.

New York Times-ის ცნობით, მკვლევარებმა შექმნეს 3836 ხანდაზმული იტალიელის მონაცემთა ბაზა, რომლებმაც 2009-2015 წლებში მიაღწიეს 105 წელს. ამის შემდეგ, მოახდინეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების სიკვდილიანობის მაჩვენებლის ანალიზი.

როგორც წესი, ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია ადრეულ ასაკში, შემდეგ კვლავ იზრდება 30-40 ასაკობრივ მონაკვეთში და შემდეგ, უკვე 70-90 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ ძალიან მოხუცებულ იტალიელებში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას წყვეტდა. ფაქტობრივად, გრაფიკის მრუდი სწორდებოდა.

„დროთა განმავლობაში, მრუდი დაბლა ჩამოდის. ამ უკიდურესად დიდ ასაკშიც კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ მიგვიღწევია მაქსიმალურ შესაძლო ასაკამდე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის დემოგრაფი კენეთ ვოჩტერი.

ხანდაზმულ ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებლის კვლევის მიზეზად მეცნიერები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათ შორის არის გენეტიკა.

აღნიშნული კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის წინა, გაცილებით საკამათო კვლევასთან. ამ კვლევის მიხედვით, ადამიანთა სიცოცხლის მაქსიმუმი 115 წელიწადია. მათი აზრით, პროგნოზირებად მომავალში, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წელს მიაღწევს.

ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჟან ვიჟგი დაბერებას აღწერს როგორც დნმ-ისა და სხვა მოლეკულათა დაზიანებების აკუმულაციას. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს სხეულში ნელდება ზოგიერთ ამ დაზიანებათა გამოსწორების უნარი. მაგრამ ბოლოს, დაზიანება უკვე იმდენია, რომ გამოსწორება შეუძლებელია.

„გარკვეულ მომენტში, ყველაფერი უკვე უარესობისკენ მიდის და ადამიანი უბრალოდ კოლაფსირდება“, — ამბობს იგი.

ვიჟგის მტკიცებით, ჩვენი სახეობისთვის საუკეთესო იმედი არა სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ჯანმრთელობის გახანგრძლივებაა. ამ მხრივ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს და მედიკამენტებს, რომლებსაც ზოგიერთი უჯრედული დაზიანების აღმოფხვრა შეუძლია. მისი თქმით, ასეთი წამლები დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

მომზადებულია Popular Mechanics-ისა და New York Times-ის მიხედვით.

გააკეთეთ კომენტარი