ავსტრია თურქ ნაციონალისტებთან კავშირში ეჭვმიტანილ 7 მეჩეთს დახურავს და 60 იმამს გააძევებს

26

ავსტრიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში 7 მეჩეთს დახურავს და რამდენიმე იმამს გააძევებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან.

კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი პოლიტიკური ისლამისადმი სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს.

მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის 260 იმამიდან 60-ის მიმართ ავსტრიის ხელისუფლება საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

ზოგიერთი მეჩეთი თურქ ნაციონალისტებთან კავშირებშია ეჭვმიტანილი. აპრილში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყვნენ თურქულ უნიფორმაში ჩაცმული ბავშვები, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს გალიპოლის რეკოსნტრუირებულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული. (მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. გაიმართა უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ანტანტის ქვეყნები, ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ოპერაციის მიზანი იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის საზღვაო გზების გახსნა).

ავსტრიის მედიის ცნობით, თურქული ისლამური ორგანიზაციის, ATIB-ის მიერ მართული მეჩეთის შიგნით რეკონსტრუირება მოიცავდა თურქული დროშებით დაფარულ ბავშვებს, რომლებიც მკვდრებს განასახიერებდნენ.

„პარალელური საზოგადოებებისთვის, პოლიტიკური ისლამისა და რადიკალიზებული ტენდენციებისთვის ჩვენ ქვეყანაში ადგილი არ არის“, განაცხადა კურცმა პარასკევს, როგორც ამას BBC იტყობინება.

ხელისუფლება მუსულმანური საზოგადოების ორგანოსთან, IGGÖ-სთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ იმ მეჩეთების და იმამების იდენტიფიცირება მოახდინოს, რომლებიც რადიკალურ ისლამიზმსა და ნაციონალისტურ კავშირებში არიან ეჭვმიტანილნი.

იმ 7 მეჩეთიდან, რომლის დახურვაც იგეგმება, სამი ვენაში მდებარეობს, ორი ზემო ავსტრიაში და ერთი კარინთიაში.

 

გააკეთეთ კომენტარი