კრისტიან ურსე – საქართველოს არჩევნების ჩატარების კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა

122

საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ურსემ აღნიშნა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოწვევა იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია და სიძულვილის ენა.

„საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, არასაკმარისი და არაჯეროვანი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა. იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები გააუმჯობესებს შექმნილ სიტუაციას.

თუ წინა არჩევნებს შევხედავთ, 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწადნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავსხდეთ ერთად, განვიხილოთ არსებული შედგები, არასამთავრობოების, ოპოზიციის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ამ განხილვების შედეგად მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე”, -განაცხადა ურსემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია იმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“. კონფერენცია გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

ასევე, მომხსენებლებად მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

გააკეთეთ კომენტარი