December 11, 2017 11:31 |

სახალხო თვითმმართველობა თბილისის მერ კახა კალაძეს დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე საჯარო განხილვებს სთავაზობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“ განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“
5 თვეა მონიტორინგს უწევს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ (მმგ) პროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ არსებული დოკუმენტის შინაარსი, მისი მიღების ისტორია და იმ მხარეთა ინტერესები რომლებიც დაინტერესებული არიან ამ დოკუმენტის ავკარგიანობით. მონიტორინგმა დაგვანახა, რომ საკითხი არ არის ერთგვაროვანი და მმგ-ს ირგვლივ აშკარად იკვეთება კონკრეტული ჯგუფების, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტერესები.

ამ წერილით ჩვენ არ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმგ-ს შესახებ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტი რომლის შექმნაზეც თბილისის ბიუჯეტიდან დახარჯულია 4 მილიონ ლარამდე და 2 წელიწადზე მეტი; რომლის შესახებაც არსებობს ავტორიტეტული ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების უარყოფითი დასკვნები, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე სრული სახით და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თბილისის არქიტექტურის სამსახურშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი საბოლოოდ მიღების საკითხი.

მმგ წარმოდგენილი ვარიანტის ცხოვრებაში გატარების შედეგად, შესაძლოა თბილისში დაიწყოს მასშტაბური პროცესები, რომელიც 20-25 ათას კერძო მესაკუთრეს შეეხება და უამრავი დაგეგმილი ბიზნესპროექტების განხორციელებაც შესაძლებელია დადგეს საფრთხის წინაშე. ლილოს სამრეწველო ზონა, თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები -აი ის ლოკაციები, რომლებიც მმგ-ს დამტკიცების შემდეგ სულ სხვა რეალობაში დაიწყებენ უფლებრივად ფუნქციონირებას.

თბილისის მერის ბ-ნი კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, სამართლიანად იყო გამოყოფილი ქ. თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რაც საკითხის აქტუალურობას უსვამს ხაზს. წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ „მერია საბოლოოდ დაამუშავებს და დაამტკიცებს თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას, რომელიც შეასრულებს თბილისის ურბანული განვითარების ქვაკუთხედის ფუნქციას. გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქართველოს სხვა, დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის.“

ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით მერის ასეთ მიდგომას საკითხისადმი და ამავდროულად მოვუწოდებთ მას, რომ ეს პროცესი წარიმართოს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით და იყოს მაქსიმალურად საჯარო.

ჩვენ ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და თბილისის ხელისუფლების, აკადემიური წრეების, დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, უახლოეს მომავალში, ორგანიზება გავუკეთოთ კონფერენციას – „თბილისის ურბანული განვითარება და გენერალური გეგმა – რეალობა და პერსპექტივები“.

დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი კონფერენცია ხელს შეუწყობს თბილისის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტის შემუშავებას და მისი რეალურად „თანხმობის დოკუმენტად“ გადაქცევას“, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარის, გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძის განცხადებაში.

79 ნახვა

comments