June 15, 2017 20:11 |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნაკადული-კოხნარის გზა დაიმეწყრა. მეწყერი ჩამოწვა სოფელ სურევის გზაზეც. სოფელ ამაღლებაში დატბორილია საყანე ნაკვეთები, ასევე დაზიანებულია რამდენიმე სახლის სახურავი. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის განცხადებით, წვიმის გამო, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ჯერ ვერ იწყება.

“ლანჩხუთში რამდენიმე სოფელში, მათ შორის შუხუთში, სუფსაში, ღრმაღელეში და ვიბზიანში ძირითადად, დატბორილი და განადგურებულია საყანე ნაკვეთები. სოფლებში წყალმა შიდა გზები და ხიდები დააზიანა. სოფელ ნიგვზიანში 7-კილომეტრიანი შიდა სასოფლო გზა მთლიანად დაზიანებულია. სოფელ ჯურუყვეთში წყალი ადმინისტრაციულ შენობაში შევარდა. ჩიბათში კი ნაპირსამაგრი და ხიდი წაიღო. ინტენსიურად წვიმს ახლაც, ამიტომ გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ჯერ ვერ იწყება. სპეციალური კომისია ისევ აგრძელებს სტიქიის ზონაში მუშაობას და ვითარების შესწავლას. ადგილობრივი ძალებით რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

189 ნახვა

comments