March 31, 2017 02:29 |

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს ახალი სამართლებრივი სტატუსი მიენიჭათ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, გალის რაიონის მოსახლეობას დროებითი მცხოვრების სტატუსის აღმნიშვნელი დოკუმენტი გადაეცემათ. ამის  შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ლაშა ცაავა აცხადებს, რომ დროებითი მცხოვრების სტატუსი არის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს გადაეცემათ.

“ამ დოკუმენტით, ადამიანები  აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებას და ე.წ. საზღვრებზე თავისუფალ გადაადგილებას შეძლებენ”, – აცხადებს ცაავა.

დე ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას თქმით,”ეს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი არ არის”.
მისი განმარტებით ამით გადაწყდება აფხაზეთის მოქალაქეებისა და   მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხი.

“გალის რაიონის მცხოვრებთათვის დოკუმენტების გაცემით ჩვენ ამ ადამიანების  სამართლებრივ სტატუსს განვსაზღვრავთ”, – განაცხადა კობახიამ.

1018 ნახვა

comments