February 3, 2017 19:22 |

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირების, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, დამყარებას ურჩევს. ამის შესახებ ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა:

“უცნობია, როგორ აპირებს ტრამპი უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებას.

ნათელია, რომ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. მას ძლიერ ლიდერად ხედავს, რომელიც მტკიცედ იცავს რუსეთის ინტერესებს. მთავარი კითხვაა – რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს ამერიკის და რუსეთის ინტერესები.

საქართველოსადმი ჩემი რჩევაა, თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, დაამყაროს. რეალისტურია თუ არა, მარტო აღუდგეს რუსეთს? არა. საქართველო მარტო არ არის, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია. ნატო-ს წევრი არ არის, მაგრამ ალიანსის ქვეყნებთან ძალიან მყარი კავშირები აქვს. აქვს თანამშრომლობა ჩემს სამშობლოსთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან. ეს კარგი მექანიზმია, რათა პრობლემები გაახმოვანოს და რუსეთის წინააღმდეგ მყარად იდგეს.

პუტინი საქართველო-უკრაინაში საკუთარი ინტერესების გატარებას ეცდება. თუ არ დაანახე, რა არის მიუღებელი, მომავალში სხვა პრობლემებიც წამოიჭრება.

ახალი ადმინისტრაციის სურვილია, შტატები საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ძლიერი და პატივსაცემი გახდეს. ეს არ ნიშნავს დიდების სხვა ქვეყნების ხარჯზე მიღწევას.

საქართველოს და შტატებს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ. საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ღირებული ნაწილია, აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ოპერაციებში, შეუძლია, დაეხმაროს ამერიკას რადიკალურ ისლამთან და ტერორიზმთან ბრძოლაში.

არსებობს საფრთხე, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისას ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველო-უკრაინას. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა, მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად, შტატებს აჩვენონ, რომ ეს მათ ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

ვისურვებდი, ახალმა ადმინისტრაციამ გაერთიანებული, ძლიერი მესიჯი მიიღოს, საერთო ღირებულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური დაჯგუფების თანამშრომლობა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველომ ბევრი ბინძური თეთრეული გამოფინა. იმედია, ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას უკან მოიტოვებს”.

1889 ნახვა

comments