December 23, 2016 20:20 |

დღეიდან მოყოლებული გუდაურის სტიქიური განვითარება აღარ იქნება, არამედ ეს იქნება გეგმაზომიერი მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, ვისი ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი.

”ასეთი განსაკუთრებული იდეა და მისი განხორციელება ყოველთვის არის გმირობის ტოლფასი. როდესაც იწყებ ამხელა საქმეს, უდიდესი გამძლეობა, ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრის გადატანა და ბრძოლა გიწევს. ამიტომ ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი გმირობა. ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ თქვენ საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო 4 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ეს არის უახლესი სისტემები, უახლესი საბაგიროები, უახლესი სასტუმროები და ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება აქ.

დღეს ჩვენ აქ ამოვედით, რათა გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას გუდაურში.

ჩვენ დავასრულეთ კანადურ კომპანიასთან ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა. დღეიდან მოყოლებული სტიქიური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტში და იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამის განვითარება. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებს, მაგრამ ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს თითოეულმა სასტუმრომ”, -განაცხადა პრემიერმა.

ამასთამ, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გუდაურში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემაც და 2018 წელს იქნება 24 საათიანი მომარაგება.

 

ipn.ge

325 ნახვა

comments