December 23, 2016 20:08 |

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა,  რომელიც სკოლა ,,გორდამ“ წარმოადგინა. ღონისძიებაში – ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ “ სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი უახლესი ისტორია გაიხსენეს და აფხაზეთის თემაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საგალობლები, წარმოადგინეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი და პერფომანსი. გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება, რომელიც ,,გორდელებმა” მოამზადეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები. სითბოს, ადამიანობის, სიკეთის მომტანი დღეა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მეგობრობაში, სიმშვიდეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბათუმის აფხაზებს, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში. მათი დამსახურებაა ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლება, ჩვენ შორის ურთიერთობების გაღვივება. აფხაზეთიდან ჩამოსულმა არაერთმა მოზარდი ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები მომავალში აქტიური ურთიერთობების საწინდარი იქნება”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

დღევანდელი ღონისძიება სკოლა ,,გორდას“ ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად 2012 წლიდან ტარდება. რამდენიმე ეტაპიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთის თემაზე შესრულებული ნახატების და ესეების კონკურსები გაიმართა, მომზადდა პატარა ფილმი და აფხაზ თანატოლებს ,,გორდელებმა“ წერილები გაუგზავნეს სათაურით: ,,მზე ვერ გაგათბობთ, ჩვენ უფრო თბილი ვართ“.

ღონისძიების მიმდინარეობისას გაკეთდა სპეციალური პანო: ,,ჩვენ დავბრუნდებით“, რომელზეც მონაწილეებმა საკუთარი ხელწერები დატოვეს.

წყარო

331 ნახვა

comments