August 23, 2016 08:55 |

გუშინდელ მინი ევროსამიტზე მერკელის, ოლანდისა და რენძის მონაწილეობით ევროპის მომავალი განვითარების მთავარ ქვაკუთხედად ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების ლიდერებმა თავდაცვა გამოკვეთეს.

იტალიის უდიდეს ავიამზიდზე, ჯუზეპე გარიბალდიზე, შეკრებილმა ლიდერებმა ევროქვეყნებს თავდაცვისა და დაზვერვის უნიფიცირებისკენ მოუწოდა.

“ევროკავშირმა მკვეთრად უნდა გაზარდოს თანამშორმლობა თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში რათა თავი დაიცვას ტერორიზმისა და სხვა საფრთხეებისგან”, განაცხადა სამეულმა. მათივე აღიარებით, ევროპას დეზინტეგრაციის, ტერორიზმისა და მიგრაციის საფრთხეები აქამდე არნახულ პრობლემებს უქმნის.

“ჩვენ ვგრძნობთ, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი ჩვენი შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, განაცხადა ანგელა მერკელმა. მერკელი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის მთავარი პროპონენტია.

“ევროპამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა და საფრანგეთი ასრულებს თავის როლს”, განმარტა ფრანსუა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში მეტი თანამშრომლობის საჭიროებას.

“ევროპა არ უნდა დაზარალდეს ბრექსიტით, ბევრს ეგონა, რომ ბრიტანეთის გასვლით ევროპა დასრულდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, პირიქით, ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით ევროპის მომავალში”, განაცხადა იტალიის პრემიერმა მატეო რენციმ.

ლა რეპუბლიკასთვის მიცემულ კომენტარში, იტალიის ყოფილმა გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვიჩენცო კამპორინიმ გუშინვე განაცხადა, რომ ბრიტანეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ბლოკავდა ევროპის ერთიანი თავდაცვის პოლიტიკის განვითარებას. “ნებისმიერი ნაბიჯი იბლოკებოდა ბრიტანეთის მიერ, ყველამ იცოდა, რომ ლონდონის გარეშე ერთიანი თავდაცვის შესახებ საუბარსაც კი ვერ დაიწყებდი”, განაცხადა კამპორინიმ.

გამოდის, რომ არავის ისე არ აწყობდა ბრექსიტი, როგორც ამ სამ ქვეყანას. ბრიტანეთი, გამომდინარე მისი ატლანტისტური საგარეო პოლიტიკიდან და ნატო-სა და ამერიკის უერთგულესი მიდგომიდან ბლოკავდა და მუდმივად დაბლოკავდა ევროპის თავდაცვის უნიფიცირებას, რადგან ეს ნატო-ს პარალელური სტრუქტურა და აშშ-სგან დისტანცირება იქნებოდა, წერს ინგლისური მედია.

არადა, სწორედ ბრიტანეთი და საფრანგეთი იყო ის ქვეყნები, რომელთა ლიდერები, შირაკი და ბლერი, ჯერ კიდევ 1998 წელს სან მალოზე ერთიანი ევროპული თავდაცვის ინიცირებაზე შეთანხმდნენ.

მერკელმა, ოლანდმა და რენძიმ, გუშინვე პატარა კუნძულ ვენტოტენეზე, მუსოლინის პოლიტიკურ პატიმართა საფლავებზე ლურჯი და ყვითელი, ევროკავშირის ფერების ყვავილები დადეს. ერთ-ერთი პატიმართაგანი, ალტიერო სპირელი, ევროპის ფედერალურ გაერთიანებად ჩამოყალიბების იდეურ ავტორად მიიჩნევა.

 

1653 ნახვა

comments